|
სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო მხარეა. იგი გამოირჩევა ისტორიულ-კულტურული თუ ეთნოგრაფიული ძეგლების სიუხვით, ხასიათდება ეკოსისტემებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების მრავალფეროვნებით. რეგიონში მოპოვებული არქეოლოგიური ნიმუშებისა და ვაზის გაქვავებული ნარჩენების მიხედვით, საქართველოში ღვინის კულტურა დაახლოებით 7000 წლის წინ არსებობდა.
რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SJ. მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 208 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე - 32 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი - 5: ახალქალაქი, ახალციხე ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა; დაბა - 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა; სოფელი - 254. სამცხე-ჯავახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: ადიგენის რაიონი (რაიონული და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირას, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან 32 კმ-ზე.მოსახლეობა: 20,752 (2002 მონაცემი) ფართობი: 800 კვ.კმ.); ასპინძის რაიონი (რაიონული და სადაბო საკრებულოს ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ახალციხე-გიუმრის (სომხეთი) საავტომობილო გზაზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე.მოსახლეობა: 13,010 (2002 მონაცემი) ფართობი: 825 კვ.კმ.); ახალქალაქის რაიონი (ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე.მოსახლეობა: 60,975 (2002 მონაცემი) ფართობი: 1235 კვ.კმ); ახალციხის რაიონი (ძვ. ლომსია, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლეზე.მოსახლეობა: 46,134 (2002 მონაცემი) ფართობი: 1,010 კვ.კმ.); ბორჯომის რაიონი (მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ. სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. მოსახლეობა: 32,422 (2002 მონაცემი) ფართობი: 1,189 კვ.კმ.); ნინოწმინდის რაიონი (მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, შემოსაზღვრულია თრიალეთის, ჯავახეთის, ნიალისყურის და აბულ-სამსარის ქედებით. მისი უდაბლესი წერტილია 1800 მ. მოსახლეობა: 34,305 (2002 მონაცემი) ფართობი: 1,354 კვ.კმ.).
სამცხე-ჯავახეთი მთაგორიანი მხარეა. სამცხის რელიეფს 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე აზიდული ვაკისებრი ტერასები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები ქმნიან. აქ არის ხეობები, დიდი და მცირე ზომის ტბები, მდინარეები და წყაროები.
|