მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერუშეთის მთის კლდოვან ნაწილში ქვაში ნაკვეთი არქიტექტურის დიდებული ნიმუშები - თმოგვის ციხე და ვარძიის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. თმოგვის ციხე-ქალაქის დაარსების თარიღი უცნობია. მატიანეთა ფურცლებზე იგი პირველად 914 წელს მოიხსენიება. თმოგვის ციხიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. იგი ცამეტ იარუსად არის გადაჭიმული და მოიცავს რამდენიმე ასეულ სენაკსა და დარბაზს, ეკლესიებს, სამრეკლოს, სათავსოებს და სხვა.
ღირშესანიშნაობები: თმოგვის ციხე. წმინდა გიორგის სალოცავი (სოფელი ჭაჭკარი). ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
ერთდღიანი მარშრუტი ბილიკი იწყება გზის პირას მდებარე ქარვასლის დათვალიერებით. ძველად აქ საქარავნო გზა გადიოდა. მარშრუტი კვეთს ჯოლდის ხიდს. თმოგვის ციხისკენ მიმავალი გზიდან დაინახავთ სამკურნალო მწვანე თიხის საბადოს. ციხის გვერდით ნაქალაქარი მდებარეობს. ბილიკი მდინარე მტკვრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მარცხენა მხარეს, ვარძიისკენ გრძელდება. კომპლექსთან ახლოს მდებარეობს პატარა, კოპწია სოფელი ჭაჭკარი. სოფელში სახლები ტიპიურ მესხურ სტილზეა ნაგები, აქვეა ქვაში ნაკვეთი უძველესი საწნახლები. აგრეთვე შესაძლებელია გვირგვინიანი დარბაზისა და წმინდა გიორგის უძველესი სალოცავის მონახულება. ბილიკი ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან მთავრდება. ვარძია მოქმედი სახელმწიფო მუზეუმი და მამათა მონასტერია. დღემდე შემორჩენილი ექვსასი გამოქვაბულიდან შესაძლებელია სამასის დათვალიერება.
ბილიკი საშუალო სირთულისაა. რამდენიმე ადგილზე მოგიწევთ კლდეზე ასვლა. მარშრუტის სიგრძე: 7,5 კმ. მარშრუტის ხანგრძლივობა: 5 საათი. ზღვის დონიდან მინიმალური სიმაღლე: 1170 მ. ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე: 1650 მ. სატრანსპორტო საშუალება: ქვეითად. რეკომენდაციები: ზოგიერთ ადგილზე ბილიკი ციცაბოა და კლდოვან ადგილებში გადის. სასურველია თან იქონიოთ საგზალი.